დღეიდან ყველა სახის მაღაზია, სავაჭრო ცენტრები და ღია რესტორნები იხსნება. ნახეთ წესები, რომლითაც ეს ობიექტები იმუშავებენ

დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები, ყველა სახის  ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას  განაახლებენ. თუმცა მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით და რეკომენდაციებით მოუწევთ მუშაობა.

სავაჭრო ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა  თერმოსკრინინგი უნდა გაიაროს . ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. სავაჭრო ობიექტებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია. სავალდებულოა  დისტანციის დაცვა.

მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა მათი  სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. სამუშაო დღის ბოლოს ობიექტის სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს . თუმცა ზოგიერთ ქსელში გასახდელების გაუქმებას გეგმავენ.

რეკომენდაცია გარედან შემოსული ჰაერით უსაფრთხო ვენტილაციასაც ითვალისწინებს.  საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.

მკაცრი წესებით ამუშავდება კვების ობიეტებიც:

დღეიდან ის რესტორნები გაიხსნება, ვისაც ღია სივრცე აქვს. მომავალი კვირიდან კი დანარჩენებინ. კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.

რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.

ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს , ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის უნდა იჯდეს. გამონაკლისის სახით  შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

ერთ მაგიდასთან მსხდომ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

რეკომენდირებულია სტუმრებისთვის ბეჭდური ერთჯერადი მენიუს შეთავაზება, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.