ევროატლანტიკური მომავლისთვის საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი – ევროპარლამენტარები

“ევროატლანტიკური მომავლისთვის საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი”- ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი ეხმაურებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

“ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფონზე, სოციალ- დემოკრატების ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სესიაზე მოუწოდებს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებასა და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში.ეს არის ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორის ერთადერთი გზა, თუკი მათ არ სურთ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე განცხადებას ავრცელებას.

“მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება არასწორია. ამით პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა. ძალაუფლების მქონეებს ხელისუფლება  აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ვითარების განმუხტვის, კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში გამოსავლის ძიების და პროვოკაციებზე დისპროპორციული ძალით არშეპასუხებაზე. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში საკმაოდ კომპლექსურია და არა მხოლოდ შავ-თეთრი. ვითარება საკმაოდ დაძაბულია მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.გარკვეული საარჩევნო დარღვევების მიუხედავად, ოდირმა არჩევნები მთლიანობაში კონკურენტულად მიიჩნია, ოპოზიციამ კი მეორე ტურებს და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში და მოვუწოდებ მათ პარტნიორ პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაწყდეს და საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე მუშაობა გაგრძელდეს.  ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფება დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ისევე როგორც ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი, არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მძევლად იქცეს. შესაბამისად, ზომიერი პოზიციის მატარებლებმა ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში უპირატესობა უნდა მოიპოვონ, ამაღლდნენ პოლიტიკურ განხეთქილებებზე და გადაწყვიტონ არსებული პოლიტიკური კრიზისი ”, – აცხადებს სვენ მიკსერი.

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მიღწევები საფრთხის ქვეშ არის.

„საქართველო წლების განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოდელი, რომელიც შექებას იმსახურებდა მისი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და პრო-ევროპული რეფორმებისთვის. სამწუხაროდ ახლა ყველა ეს მიღწევა რისკის ქვეშ დგას. დასაკარგი დრო არ არის. პოლიტიკურ-პარტიულ ბატალიებში ფსონების გაზრდის ნაცვლად, საქართველოს პოლიტიკურმა აქტორებმა ორიენტირება უნდა მოახდინონ სამომავლო ამოცანებზე, კერძოდ კი პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე და პრო-ევროპულ რეფორმებზე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდისა და უმაღლესი სასამართლო სტანდარტების დამკვიდრებისთვის. ეს ეხება განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.