ევროკავშირი მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების , ისევე როგორც, პრემიერმინისტრ გახარიას გადადგომის ფონზე, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.

ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ.

აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს”, — აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი.