ევროკავშირმა ნიკა მელია ტყვეობიდან გამოისყიდა – ანზორ მელია

”ევროკავშირმა ნიკა მელია ტყვეობიდან გამოისყიდა” – ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ  გაათავისუფლონ. ანზორ მელიას თქმით, ევროკავშირმა გირაოს გადახდით ნიკა მელია ტყვეობიდან იხსნა.

“დღეს სულ სხვა დღე, რადგან ნიკა თავისუფლდება. ევროკავშირმა ნიკა მელია ტყვეობიდან გამოისყიდა. ეს ჩემთვის, როგორც მშობლისთვის სასიხარულოა. ვიცი, რომ ნიკა იჯდა უდანაშაულოდ ციხეში. მან ციხეში ჩაჯდომით გააშიშვლა ეს მთავრობა და პარლამენტი. პარლამენტმა პროკურატურას 2-ჯერ დართო ნება რომ ნიკა დაეჭირა, მაგრამ სიმართლე არ იმალება. ღმერთი არსებობს და ნიკა დღეს თავისუფალი იქნება. დამისახელოს მთავრობამ ერთი შემთხვევა მაინც რომ ევროკავშირს გადაეხადოს თაღლითისათვის ან ქურდისთვის გირაო. ეს არ არის გირაო – ეს არის გამოსასყიდი ტყვეობიდან. გამოსასყიდს მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს უხდიან”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის,  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.