ევროკავშირში შეთანხმდენ, რომ სანქციებს 20-მდე ბელარუსელ მაღალჩინოსანს დაუწესებენ

ევროკავშირი 20-მდე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, – Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

როგორც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა განაცხადა, ლუკაშენკო სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდეს.

სიაში ლუკაშენკოს ყოფნას ეთანხმება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსიც

„ჩვენ გვაქვს ზოგადი არგუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შედგეს სია და ვინ უნდა იყოს მასში წარმოდგენილი,“- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თომას პეტრიჩეკმა. კითხვაზე, უნდა დაუწესონ თუ არა ლუკაშენკოს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები და უნდა გაუყინონ თუ არა აქტივები, პეტრიჩეკმა უპასუხა, რომ ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს.

„ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, ეს პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს, თუ მოგვიანებით, თუკი პროგრესი არ იქნება“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ასევე მხარს უჭერს იმას, რომ ლუკაშენკო სიაში იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს „ტაქტიკური მიზეზები“ იმისთვის, რომ ბელარუსის ლიდერი სიის მიღმა დარჩეს.

Associated Press-ი წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სიის ეტაპობრივად გაფართოვებას უჭერს მხარს, ანუ იმ შემთხვევაში, თუკი ლუკაშენკო ოპოზიციასთან დიალოგს არ დაიწყებს, სიაში კიდევ მეტი ადამიანის სახელი უნდა დაემატოს.