ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება “დომინოს პრინციპით” იმოქმედოს – ხუხაშვილი

ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება “დომინოს პრინციპით” იმოქმედოს –  ასე აფასებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ევროკომისიის შეფასებას, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„თავისთავად ეს ტრანში ფინანსურად იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ტრანშის შეჩერებას, სრულად შეწყვეტას, ან დახმარებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენას აქვს ე.წ. დომინოს ეფექტი. როგორც კი ასეთი რამ ხდება, ეს არის ნიშანი ნებისმიერი სხვა ტიპის დახმარებისთვის, ინვესტორებისთვის. თუ შენ ევროკავშირი გიჩერებს ტრანშს, ეს არის სიგნალი ნებისმიერი დასავლელი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა. ტრანშის შეწყვეტა რომც მოხდეს, ეს არ იქნება დიდი უბედურება იმიტომ, რომ შეიძლება არცთუ ისე დიდ თანხაზე იყოს საუბარი, მაგრამ „დომინოს ეფექტი“ იქნება ძალიან მძიმე ისედაც საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რაშიც ვართ. ახლა კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა. გასაგებია ევროკომისიის მოსაზრება, რომ ეს არის ევროპული გარანტიით დადებული შეთანხმება, ანუ ევროპა ცალსახად თვლის, რომს საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაარღვია შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი და ამაზე რეაგირებენ, მაგრამ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფუძველი ჩნდება 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებით. ეს კიდევ ერთი ლურსმანია ამ პრობლემების გამწვავებაში.”- აცხადებს ხუხაშვილი.