ევროპარლამენტარებს სააკაშვილთან შესვლის საშუალებას არ აძლევენ – სამადაშვილი

პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით,ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიტვის სეიმის ორ წევრს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ უშვებენ. ამის შესახებ სამადაშვილმა, გლდანის ციხის ჰოსპიტალთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“უკვე იცით, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა სამი ევროპელი პოლიტიკოსი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა და ასევე ლიტვის პარლამენტის ორი წევრი, მათ შორის საქართველოსთან დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ პოლიტიკოსებს სურდათ დღეს აქ, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან პირადად შეხვედრა. სამწუხაროდ, ახლა 6 საათზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ ნებართვა იუსტიციის სამინისტროდან, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ ფაქტობრივად იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია, ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრა ციხეში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი”. – თქვა სალომე სადამაშვილმა.