ევროპარლამენტმა უნგრეთი არადემოკრატიულ ქვეყნად გამოაცხადა

უნგეთი აღარ შეიძლება ითვლებოდეს დემოკრატიად, ევროპული ფასეულობები კი ამ ქვეყანაში სისტემური საფრთხის ქვეშ არის. უნგეთი “საარჩევნო ავტოკრატიად იქცა“– ამის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშშია ნათქვამი.

მანამდე ევროპარლამენტი დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებდა უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობას.

ანგარიში 433 ხმით 123–ის წინააღმდეგ მიიღეს.28–მ თავი შეიკავა. ეს ანგარიში ევროკავშირის მხრიდან  უნგერთისთვის გამოტანილი კიდევ ერთი სიმბოლური საყვედურია, რომელიც წლების მანძილზე იყო კრიტიკის ობიექტი კანონის უზენაესობის პრობლემების გამო. თუმცა, პარლამენტის ანგარიში სავარაუდოდ რაიმე კონკრეტულ სასჯელს არ გამოიწვევს.

ევროპარლამენტის ანგარიშში ჩამოთვლილია რიგი პრობლემებისა:

საარჩევნო სისტემის ფუნქციონირებიდან დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობით დამთავრებული. ასევე გამოთქმულია შეშფოთება აკადემიური და რელიგიური თავისუფლებების, მოსახლეობის მოწყვლადი ფენების უფლებების გამო.

“ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ევროკავშირის მხრიდან გადამწყვეტი ზომების არარსებობამ ხელი შეუწყო უნგრეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ძირითადი თავისუფლებების ნგრევას და ქვეყანა გადააქცია “საარჩევნო ავტოკრატიის“ მქონე ჰიბრიდულ რეჟიმად“– თქვა ევროპარლამენტარმა მწვანეებიდან გვენდოლინ დელბოს–კორფილდმა.

ამასთან, როგორც გამოცემა პოლიტიკო წერს, პარლამენტი ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტი არ არის, რომელიც ბუდაპეშტის პოლიტიკას არ ეთანხმება.

გამოცემის თანახმად, ევროკომისია დიდი ხანია იბრძვის უნგრეთში კანონის უზენაესობისთვის და ზეწოლას ახდენს უნგრეთზე სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი გამოყენების გამო მმართველ პარტია “ფიდესთან“ დაკავშირებული პირთა წრის გასამდიდრებლად.

მოსალოდნელია, რომ კვირას ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს უნგრეთისთვის თანხების გამოყოფის შემცირების შესახებ, ასევე ქვეყანას რამდენიმე თვეს მისცემს კომპრომისის მოსაძებნად.

ბოლო დროს ევროპელ ლიდერებს შორის არსებობს შეშფოთება, რომ უნგრეთმა შეიძლება ევროკავშირის ერთიანობის და უსაფრთხოების პოლიტიკას გამოუთხაროს ძირი,იმ დროს, როცა დასავლეთი ცდილობს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმსხვილეს საომარ კრიზისს გაუმკლავდეს.