ევროპული საქართველოსა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილისათვის ბრძოლის წინა ხაზზე ვერ იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს, საქართველოს განადგურებას მშვიდად უყუროს და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

“ევროპული საქართველოსა და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება. ნაციონალური მოძრაობა მის პარტიაში სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას მათთვის სასარგებლოდ თუ თვლის, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეს საკითხი არ არსებობს და სააკაშვილი ევროპული საქართველოს ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწვეტილებებში ვერ ჩაერევა. თუ მის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა. ევროპული საქართველოს საქმეებში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს”, — განაცხადა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ წელს გადაწყდება, დაიღუპება ქვეყანა, თუ გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს.

 “ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.