ევროპულ ქალაქებშიც ხდება ასეთი შემთხვევები – თურნავა ტურისტის დაჭრაზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პოლონელი ტურისტი დაჭრაზე აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები ევროპულ ქალაქებშიც ხდება.

მან დაჭრილ მოქალაქეს “ძალების აღსადგენად” “საპარტნიორო ფონდის” სასტუმროში დასვენება შესთავაზა.

“არ დაგიმალავთ, მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლონელი ტურისტის დაჭრა. ზოგადად, ნებისმიერი ინციდენტის მიმართ ტურისტული ინდუსტრია სესნსიტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანია რეაგირება და ძალიან მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ნებისმიერი დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და “საპარტნიორო ფონდმა” ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი “ლიკანის” სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები”,- აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის, 5 ივნისს ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მისი დაჭრა თბილისი პრაიდს არ უკავშირდება და ეს დამოუკიდებლად მოხდა.