ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა – გიორგი გახარია

პირველი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, ეს არის ის, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

„ 2013 წელს საქართველოდან 511 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტი იყო ექსპორტირებული, 2019 წელს 900 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტი. სხვაობა თითქმის ორჯერ მეტია. ეს ამ კუთხის შვილების დამსახურებაც არის. ახლა რომ გადავიდეთ საქმეზე და რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ, მომავალზე რომ ვიზრუნოთ – პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო, როგორც დაპირდა თითოეულ მოქალაქეს, სოფლის მეურნეობის კუთხით მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ბევრი პროგრამაა სოფლის მეურნეობის, რომელიც აძლევს შესაძლებლობას გლეხს, გახდეს ფერმერი და გახდეს ძლიერი ფერმერი. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, იმის მიუხედავად, რომ მარნეული თბილისთან ახლოს არის, ბევრი ქალაქებია, რომელიც თბილისისგან შორს არის და გლეხს, ფერმერს უწევდა ჩასულიყო თბილისში, მიეღო პროგრამებში მონაწილეობა, მისულიყო ერთ სამინისტროში, მეორეში, მესამეში. დღეს ეს ყველაფერი იქნება მარტივი, იუსტიციის სახლში მიხვალთ და ყველა სახელმწიფო პროგრამა -ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ყველაფერი გაქვთ ადგილზე. იუსტიციის სახლში მოგემსახურებიან ისე, რომ მთელ პროცესს გაივლით, თუნდაც, კონტრაქტის ხელმოწერამდე. თითოეულ ადამიანს, ვისაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, დაიწყოს ბიზნესი, გარისკოს, ამაში სახელმწიფო მიეხმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომსახურება, სახელმწიფო სერვისები თბილისში არ რჩება, მიდის თითოეულ ქალაქში, მიდის ყველა ჩვენს მოქალაქესთან, ვისაც უნდა თავის საქმე დაიწყოს, თავის თავზე, თავის ოჯახზე , რეგიონზე, ქვეყანაზე იზრუნოს,“- განაცხადა გახარიამ.