ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება – საპატრიარქო დავით გარეჯზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ეკლესია “ვერ გაჩერდება”, ვიდრე დავით გარეჯის საკითხი “სასიკეთოდ” არ გადაწყდება.

კითხვაზე, თუ რატომ ერევა საქართველოს ეკლესია ასე აქტიურად გარეჯის საკითხის გადაწყვეტაში, საპატრიარქო პასუხობს: “დავით გარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები საქართველოს კუთვნილ მიწაზე მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის სიწმინდეს წარმოადგენს”.

მათი პრესსამსახურის თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია ასეთ პროცესშია ჩართული ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება დავით გარეჯის პრობლემატიკას პირდაპირ უკავშირდება.

საპატრიარქოს პოზიციით, აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა, შესაბამისად, მათზე ზრუნვა და დაცვა ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა.

“იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საზღვრებს, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ. ამიტომ ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე”, — აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას საქმიანობას მოღალატეობრივს უწოდებს.

დღეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.