ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.

2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერი“-ს გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო.