ელენე ხოშტარიას არ უნდა, 3 ლიდერს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს – იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარიას წასვლას ეხმაურება. მისი აზრით, ელენე ხოშტარიას არ უნდა “იმ სამ ლიდერს, რომელმაც ეს პარტია პრაქტიკულად პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, თვითონაც ჩაჰყვეს.”

წამყვანის კითხვას- ისურვებდა თუ არა “მოქალაეების” პარტია ელენე ხოშტარიას საკუთარ რიგებში ნახვას ლევან იოსელიანი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე, მათ საერთო გადაკვეთის წერტილები არ გააჩნიათ, თუმცა, მისივე თქმით, მომავალში არაფერია გამორიცხული.

“მიზეზი ნამდვილად ჩემთვის უცნობი არის, უბრალოდ, ფაქტი არის, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ალბათ ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები.

ზოგადად ვიტყვი, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს პარტია არის ხელმოცარული პარტია და მასთან იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც რაღაცა პოლიტიკური პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ, მემგონი, უბრალოდ, არ უნდათ ასოცირება და ცდილობენ, რომ დისტანცირება მოახდინონ. იგივე გააკეთა ელენემ. ელენე აქტიური ადამიანია და ვფიქრობ, მას აქვს პოლიტიკაში წარმატების მიღწევის პერსპექტივა, შესაბამისად, არ უნდა, იმ სამ ლიდერს, რომელმაც ეს პარტია პრაქტიკულად, პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ჩაჰყვეს თვითონაც”,– ამბობს იოსელიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პარტია მოქალაქეებსა და ელენე ხოშტარიას საერთო გადაკვეთის წერტილები არ აქვთ, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული.

ცნობისთვის, დღეს ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა. ის ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას გეგმავს.