ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს 4 “მიზანმიმართულ ტყუილში” ამხელს

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს და 4 “მიზანმიმართულ ტყუილში” ამხელს.

“პირველი ტყუილი – მთელი თავისი გამოსვლის განმავლობაში ირაკლი კობახიძე ცდილობდა, რომ მიზანმიმართულად დაეკნინებინა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა. ის საუბრობდა, რომ ამას არ მოჰყვება არანაირი კონკრეტული სარგებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჰგავს საფუძვლის შემზადებას ამ საკითხის ნიველირებისთვის და საფუძვლის შემზადებას უარის შემთხვევაში. ეს არის სახელმწიფოს, ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. კანდიდატობის სტატუსი არის აუცილებელი ეტაპი წევრობისთვის.

მეორე ტყუილი – არის გამონათქვამი, რომ თითქოს ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და ვართ მოწინავე ქვეყანა ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საერთაშორისო შეფასება, მე არ ვსაუბრობთ ოპოზიციის შეფასებაზე, მათ შორის გუშინ ჰარცელის შეფასება, რომელმაც ჩამოთვალა კონკრეტულად, თუ რას არ ასრულებს საქართველო – ეს არის არჩევნები, 5 ივლისის ძალადობა, ჟურნალისტების უფლებები, სასამართლოს პრობლემა, ფარული მოსმენების და პირადი ცხოვრების ხელყოფა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნა, რომელიც მოხდა ნიკას გვარამიას სრულიად უკანონო დაკავების შემთხვევაში.

მესამე ტყუილი – თუ ჩვენ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის არარსებობა. ეს არის მტკნარი ტყუილი. ევროკავშირი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო. ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის სურვილს, თუმცა ამას სჭირდება კონკრეტული პირობები, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ ასრულებს.

მეოთხე ტყუილი – თითქოს მთელი ეს პროცესი და უარი, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე ოცნების პასუხისმგებლობა დაკავშირებულია არეულობის ან ომის სურვილთან. ომის პარტია, ომის სურვილი, ომი იქნება – ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომ უარი გვათქმევინონ ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე. ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი”- თქვა ხოშტარიამ ბრიფინგზე.

გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება იქნება, როგორც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა.