ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა – ფაშინიანი

აზერბაიჯანის მხარემ აღნიშნა, რომ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება შეუძლია, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი საზღვრების, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების დაცვა და ხელი შევუწყოთ გლობალურ უსაფრთხოებას. ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ აზერბაიჯანი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სომხეთს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას. აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლია. სომხეთს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოების, მათ შორის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დაცვა, მაგრამ ეს არის განცხადება, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რადგან ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხე, საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება და გამოძიების ჩატარება,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში გამართული მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და აზერბაიჯანმა კონსტრუქციული პოზიცია უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.