“ენკას” ოფისთან დაძაბული ვითარებაა – რიონის ხეობის მცველები, კომპანიის მანქანებს არ ატარებენ

ამ წუთებში, სოფელ გუმათთან, კომპანია “ენკას” ოფისთან, სადაც რიონის ხეობის მცველებს, გზა გადაკეტილი აქვთ დაძაბული ვითარებაა.  შეკრებილი მოქალაქეები, კომპანია “ენკას” მანქანებს არ ატარებენ, რასაც სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტების ინფორმაციით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

რიონის ხეობის მცველები, ითხოვენ, რომ პოლიციამ გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი მოხსნას და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში კარვები ჰქონდათ აღმართული.

ადგილზე შეკრებილები არიან რიონის ხეობის მცველები, რომლებსაც მთელი ხეობა ბლოკირებული აქვთ.  პროტესტის უკიდურეს ზომას აქტივისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც დღეს დილიდან მათ პოლიციამ გადაადგილება შეუზღუდა, ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანა და ჯებირებით შემოღობა.