“ენმ-ს” გატოლება “ოცნებასთან” არის გატოლება ღამის და დღის – სააკაშვილი მარგველაშვილს

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე–4 პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მარგველაშვილი თავის თავს ეწინააღმდეგება.

“ყველაფერი სწორი ილაპარაკა ამ კაცმა, გარდა ამისა ბოლოს თავის თავს შეეწინააღმდეგა, ჯერ თქვა, რომ სხვის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ და ჩვენი დემოკრატია ჩვენ თითონ უნდა ავაშენოთ და შემდეგ ბოლოში დაამატა, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” მოვა ხელისუფლებაში, ეს შეიძლება ვინმეს უცხოეთში არ მოეწონოს და ამიტომ უნდა მოვიდეს მესამე ძალა, რათა უცხოეთს მოეწონოს.
ჩემი აზრით, ქართველ ხალხს სჭირდება არა პარტიების და მათ როლზე ლაპარაკი ახლა, არამედ სჭირდება სრული ერთიანობა სიტუაციის შეცვლის კუთხით და შემდეგ ამ ჭაობიდან სწრაფად ამოსვლა”,– წერს სააკაშვილი.

მისი შეფასებით, რაიმე სახით “ნაციონალური მოძრაობის” გატოლება “ქართულ ოცნებასთან” “არის გატოლება ღამის და დღის”.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა ისეთი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი განვითარება, რომ 9 წელი ანგრევს “ქართული ოცნება” და ბოლომდე მაინც ვერ დაანგრია. ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ მეთოდს ერთ პლანზე ორივეს დაყენების. ჩვენ გვჭირდება ახლა, მართლაც ფართო კოალიციური შეთანხმება და კოალიციური მთავრობა არა იმის ხარჯზე, რომ ვინმემ ხელოვნურად ჩააჩოჩოს ის ძალა და ის ხალხი, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო”,– აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს და ამბობს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ეს არის.