ეპარქია, სადაც დეკანოზი ილია ჭიღლაძე მსახურობს, სინოდის განჩინებას ეხმაურება

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია, სადაც დეკანოზი ილია ჭიღლაძე მსახურობს,ეხმაურება,  წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების მე-4 პუნქტს, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ღვთივდაცულ ეპარქიასა და მის კლიროსს.

„ეპარქიის პრესცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :  

ა) აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება და სამოციქულო ტრადიციის სულისკვეთებაში ეკლესიის თითოეულ წევრს აქვს უფლება იქონიოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რაც არ შეეხება ეკლესიის უწმინდეს დოგმატებს. ამასთანავე, განსხვავებული შეხედულების გამოხატვის ფორმები უნდა შეესაბამებოდეს ქრისტიანულ მრწამსსა და ფუნდამენტურ ეთიკას, რომელიც ადამიანის ღირსებას უმნიშვნელოვანეს ფასეულობად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულება მოყვასისადმი.

ამ ყველაფრის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე არაერთხელ იქნა შეგონებული. მღვდელმთავრის მრავალგზისი გაფრთხილების შემდეგ, არც თუ დიდი ხნის წინ საჯარო სინანულიც გამოთქვა საკუთარი არაკორექტული გამოხატვის ფორმების გამო და გარკვეული პერიოდით საეკლესიო ეპიტიმიასაც დაექვემდებარა.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ წუხილს ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც იქცა მამა ილიასაგან შეურაცხყოფის ობიექტად და მოვუწოდებთ ჩვენს ქრისტიან დებსა და ძმებს, რომ არც თავად მამა ილია აქციონ შეურაცხყოფისა და აგრესიის ობიექტად. უთანხმოების პირობებშიც კი, საჭიროა საერთო ფასეულობების შენარჩუნება, როგორც მოციქული პავლე შეგვაგონებს, არა პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად ერთმანეთის შერაცხვით (ფილიპ. 2:3).

ამასთანავე, რამდენადაც საქართველოს ეკლესიის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია არის წმინდა სინოდი, რომელმაც დეკანოზ ილიას საქმის განხილვა დაიწყო, სამართლებრივად შეუძლებლი ხდება შიდაეპარქიულ დონეზე ამ საკითხისათვის შემდგომი მსვლელობის მიცემა.

გადავიდა რა საკითხი მთლიანად წმინდა სინოდის განკარგულებაში, პატივისცემით აღძრულნი ვიმედოვნებთ, რომ სინოდალური კომისიის წევრები იქნებიან ობიექტურნი, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა კანონთა სულისკვეთებით და ამ სულისკვეთებას განავრცობენ სხვა სასულიერო პირებზეც, რომლებიც ასევე შეურაცხმყოფელნი არიან მოყვასისადმი. სოციალური ქსელები ინახავენ არაერთ მოწმობას, ამ ადამიანთა მხრიდან სასულიერო და საერო პირების მისამართით არაერთგზის განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმებისა.

ბ) მსოფლიო კრებათა კანონიკური განწესებები, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა კანონიკური დადგენილებები არ უკრძალავენ მღვდელმთავარს საკუთარი ეპარქიიდან სასულიერო პირის განტევებას. ამ კანონიკურ მოცემულობაზე დაყრდნობით, მოგვმართა წერილობითი თხოვნით ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, კანონიკურად განგვეტევებინა ჩვენი ეპარქიის დიაკვანი, აწ უკვე მღვდელი ილია ჯინჯოლავა.

რამდენადაც არ არსებობდა არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება, არც სამართლებრივი და არც პიროვნული ხასიათისა (თავად მამა ილია ჯინჯოლავაც თანახმა იყო გადასულიყო კონსტანტინოპოლის ეპარქიაში), უძველეს საეკლესიო პრაქტიკაზე დაყრდნობით დაუბრკოლებლად განვუტვეთ ეპარქიიდან მამა ილია, რომელიც ამჟამად კონსტანტინოპოლის ეპარქიის მღვდელმსახურია.

ის ფაქტი, რომ არ არსებობდა არანაირი კანონიკური დაბრკოლება ამ განტევების განსახორციელებლად, დასტურდება თავად წმინდა სინოდის განჩინების მე-10 პუნქტშიც, რომელიც ცდილობს მომავლისათვის დაარეგულიროს ასეთი შემთხვევები. რა თქმა უნდა, მართვა-გამგეობის დებულების დასახელებული პუნქტის შესაბამისობა წმინდა კანონებთან შესაძლოა გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენი ეპარქიის სამღვდელოებასა და ქრისტიანულ თემს: „მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში, ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს. 4:2-3)“ – ვკითხულობთ ეპარქიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.