ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს დაგვცინიან – მამა ანდრია სარია

“ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს დაგვცინიან “- ამის შესახებ, მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  ტალანტის, ფულისა და ნიჭის საკითხი საქართველოში მღვდელმთავრებმა ყველაზე უკეთ მოირგეს, მაგრამ მღვდლებსა და მრევლს ეუბნებიან, რომ ამაზე ფიქრი დამღუპველია.

“ტალანტის, ფულის და ნიჭის საკითხი მღვდელმთავრებმა ყველაზე უკეთესად მოირგეს, მაგრამ მღვდლებსა და მრევლს ეუბნებიან, ამაზე არ იფიქროთ, თორე დაიღუპებითო. ჩვენი ქვეყანა დამახინჯებული სწორედ ამიტომ არის… არ დაგეზაროთ და ეს იგავი ბოლომდე წაიკითხეთ:

„ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება.

ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი და სხვას – ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო.

ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.

კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: „ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე“.

უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“.

მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: „ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე“.

უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“.

მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: „ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს“.

მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა: „ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.

ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“.

ნიჭი ადამიანს მიეცა განვითარებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ კი უკუღმა გაიგო და გვეუბნებიან: ტანჯვაც ბედნიერება არისო… ყველა ერთად როდესაც დავდგებით განვითარების გზაზე მაშინ ეშველება ყველა დარგს.

ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს მოხერხებულად დაგვცინიან თავიანთი განცხადებებით. ნიჭი არ დავმარხოთ მეგობრებო, ნიჭი გავაორმაგოთ და ვუშველოთ ჩვენს განადგურებულ ცხოვრებას! შვეიცარიის მაგალითზე შეიძლება ამის სწავლა. როდესაც მიხვდნენ სად იდო კეთილდღეობის გასაღები, სწორედ მანდ ჩადეს ინვესტიცია. ეს არის განათლება და ერის განვითარება!!!!”- წერა მამა ანდრია სარია.