ერდოღანი უკრაინაში ჩადის და ზელენსკისთან “ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტაზე“ საუბარს აპირებს

ლვოვში დაგეგმილ სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი მიიღებენ მონაწილეობას, საუბარი შეეხება რუსეთ–უკრაინის ომის “დიპლომატიური გზით“ შეწყვეტას.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ერდოღანი ზელენსკის მიწვევით 18 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ლვოვში სამუშაო ერთდღიანი ვიზიტით ჩადის. მოლაპარაკებების დროს ლიდერები თურქეთ–უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავენ, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება.

“ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამმხრივი სამიტის გამართვა პრეზიდენტ ზელენსკის და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მონაწილეობით, რომლის დროს განიხილება პოტენციური ნაბიჯები, მიმართული იმ მექანიზმის უფრო აქტიურად მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინის ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირებისთვის შეიქმნა, და ომის შეწყვეტა უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატური საშუალებებით“–ნათქვამია განცხადებაში.