ერთიანი სია სუფთა პრაგმატულად არასწორია – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ინიციატივა ერთიან სიასთან დაკავშირებით პრაგმატულად არასწორია, რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილი, ერთიან სიას ხმას უბრალოდ არ მისცემს.

მისი თქმით, ერთიანი სია ივანიშვილის იგივე თამაშის საშუალებას მისცემს, რასაც თამაშობდა – იქით “ნაცები” , აქეთ “ოცნება”.

ჯაფარიძის აზრით, სააკაშვილს ეს ყველაფერი ესმის და აღნიშნული ინიციატვა კი იმიტომ გაავრცელა, რომ ოპოზიციის წაგების შემთხვევაში სათქმელი ჰქონდეს, ერთიანი სიით მოვიგებდითო.

“სუფთა პრაგმატულად, არასწორი იქნებოდა ასეთი რამ. თუ გვინდა ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება, ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, იგივე თამაში ითამაშოს, რასაც თამაშობდა – იქით “ნაცები” არიან, აქეთ “ოცნება” და მხოლოდ ამ ორს შორის არის არჩევანი. რამდენადაც სააკაშვილს ვიცნობ, მეეჭვება, ეს არ ესმოდეს. მეტიც, მეეჭვება ისიც არ ესმოდეს, რომ ეს შეუძლებელია იმიტომ რომ პარტიები ამას არ დათანხმდებიან. მგონია, რომ ეს განცხადება უფრო გათვლილია იმაზე, რომ ასეთი ერთიაი სია ვერ შედგება და ოპოზიციის მარცხის შემთხვევაში სააკაშვილს სათქმელი ექნება, აი ხომ ვამბობდი, ერთიანი სია უნდა გაგვეკეთებინა და ამ შემთხვევაში მოვიგებდითო, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია შექმნას.