ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს- სერგი კაპანაძე IRI-ის კვლევაზე

“ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს. მისი თქმით „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ ნდობა 33 პროცენტზე დაეცა, რაც სერიოზული დაღმასვლაა.

“ხელისუფლების ნდობა ჩამოვარდა 33%-ზე, რასაც სხვა კვლევებს თუ შევადარებთ სერიოზული დაღმასვლაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაღმასვლა გაგრძელდება. ამ კვლევაში ჩანს, ხალხს რა აწუხებს ყველაზე მეტად – გაზრდილი ფასები და უმუშევრობა, რაზეც არანაირი პასუხი არ აქვთ. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მეტია. მესამე, კვლევაში ჩანს ის, რომ ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს. ეს სამი კომპონენტი ერთად არის კარგი მანიშნებელი იმის, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე აუცილებლად დამარცხდება.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ჩვენ გვაქვს ზრდის პოტენციალი, ჩვენი საბაზისო პოზიცია ვიცით, რაც არის. ჩვენი ამოცანა იქნება, ეს გავაფართოვოთ იმ მიზნით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები შეუმცირდეს და დამარცხდნენ.ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად რჩება ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის.საბოლოო ჯამში, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ კვლევას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს კარგი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ დაღმასვლას განიცდის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.