ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 23 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

ეს ლარის მერყეობის შესარბილებლად წელს ეროვნული ბანკის მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. მთლიანობაში სებ–მა სავალუტო აუქციონზე 449,7 მლნ დოლარი გაყიდა.

მხოლოდ სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ არის, არამედ ბაზარე უცხოური ვალუტის მიწოდება. მისი თქმით, წინასაარჩვევნო აჟიოტაჟის შემდეგ, ლარის კურსი “წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”.