“ესებუა ხომ არაა?” – ჯაფარიძე თავის დაბადების დღეზე მიხაილოს დასწრებას ითხოვს

“ესებუა ხომ არაა?”  – “მეტი თავისუფლება გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან იმყოფება და ითხოვს, რომ DJ მიხაილოს, რომელსაც 19:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალება, თავის დაბადების დღეზე დასწრების საშუალება მისცენ.

“მინდოდა დღეს ღამე ჩემთან ერთად ყოფილიყო, ჩემს დაბადების დღეზე. თათია ხოჭოლავაა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელთანაც დაკავშირებას ვცდილობ რამდენიმე დღეა, რომელთანაც ადამიანურად მინდა დალაპარაკება, რომ მიხაილო არანაირი კრიმინალია და არც არსად გარბის, ესებუა ხომ არ არის, მიხაილო. ორი დღის წინ მივწერე წერილი და პასუხი ვერ მივიღე. დღეს 31-ია და ღამე მაქვს დაბადების დღე. დღეს მოვაკითხე პრობაციის ცენტრს და ნახევარი საათი გავატარე აქ და არაფერი მითხრეს. ახლა საჯაროდ მინდა მივმართო თხოვნით, 7 წელი ციხეში რომ ჩავსვით მაგისთვისაც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, 31 დეკემბერია და სად უნდა გაიქცეს მიხაილო? რატომ არ უნდა უშვებდე ადამიანს დაბადების დღეზე? მე ჯერ კიდევ ვარ პარლამენტის წევრი და შემიძლია, საჯაროდ ვთქვა, რომ მიხაილოს თავდებში ვუდგები, რომ მთელ ღამეს ჩემთან ერთად გაატარებს და დილით მივაცილებ სახლში. რაღაც ხომ არის, ადამიანობა, ხალისი. არ შეიძლება ადამიანი მეგობართან არ გაუშვა. ხომ არის ოცნების ხელისუფლების ლოზუნგია, რომ ადამიანზეა ორიენტირებული და მჯერა, რომ მიხაილოც ადამიანია”, – აცხადებს ჯაფარიძე.

ზურაბ  ჯაფარიძე დღეს, 31 დეკემბერს,ვინაიდან თბილისში არაფერი ხდება, ხალხს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება, სადაც ცნობილი ქართველი DJ-ები დაუკრავენ.