ეს ამბავი დამთავრდება ჩვენს შუა აზიად ქცევით, ან რევოლუციით, არცერთი გვინდა – ხვიჩია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ეს პროცესი დამთავრდება ან საქართველოს შუა აზიად ქცევით, ან რევოლუციით.

მისი თქმით, გირჩს არცერთი უნდა, ამიტომ ხმები უნდა ჩასწორდეს, მეორე ტურები სამართლიანად ჩატარდეს, შემდეგ კი ახალმა პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.

“ეს ამბავი დამთავრდება ან ჩვენი შუა აზიად ქცევით, ან რევოლუციით. ჩვენ არც ერთი გვინდა და არც მეორე, ამიტომ ვთავაზობთ ყველას გამოსავალს: ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი და ვინ იქნება ხელისუფლებაში, წყვეტდეს მეორე ტური. ამით ჩვენ რაღაცნაირ რეაბილიტაციას განვახორციელებთ პირველი ტურის არჩევნების, მაგრამ არა – სრულს. ამის შემდეგ, როცა ეს პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მან მთავარი რაზეც უნდა იზრუნოს, არის ის, რომ ჩაატაროს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები”,- თქვა ხვიჩიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება, ამიტომ ახლა პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს.