“ეს არის მორიგი შეცდომა” – სამნიძე ნიკა მელიას განცხადებაზე

“ეს არის მორიგი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება, და არც პირველი არაა ეს”,– ასე ეხმიანება “მესამე ძალის” წევრი ხათუნა სამნიძე ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “2 ოქტომბრამდე ნაციონალური მოძრაობის არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია”.

სამნიძის განცხადებით, ენმ ხელს უშლის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას.

“აი ახლა, როცა ტოტალური თვალთვალის და მოსმენის ფაქტების შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, სუსის უფროსი პარლამენტში მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველაფერს, ამისთვის საკუთარი ხმები ჰყოფნის ოპოზიციას და ამას არ იყენებს, რა ჰქვია ამას?

ასე გავუშვით ხელიდან 5 ივლისის გამოძიების შანსიც არჩევნებამდე. ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, შანსი გვაქვს, მაგრამ როცა ასეთ შეცდომებს უშვებს განზრახ თუ უნებლიეთ ოპოზიციის ნაწილი, რაში უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი?

2 ოქტომბრამდე თანმიმდევრულობა და მტკიცე ნაბიჯებია საჭირო ოპოზიციის და არა ისევ მჯიღი გულზე! სუსის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით – ამას უშლის ახლა ხელს ენმ რეალურად. ძალიან სამწუხაროა!”,– წერს სამნიძე.

ცნობისთვის, “ლელოს“ ინიციატივააა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს და დაიბაროს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.