ეს არის მსგავსი ქმედებებისთვის „მწვანე შუქის“ ანთება – უგულავა ზუგდიდზე

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის მსგავსი ქმედებების წახალისება და “მწვანე შუქის” ანთება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

“თავისთავად, ის, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, ეს უკვე კარგია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ ტრაბახს, გრძელვადიანი გეგმების დასახვას, თითქოს გამარჯვებას ზეიმობენ… როცა სპეცოპერაციაზე ვსაუბრობთ, ის მაშინ არის წარმატებული, როცა მძევლები უვნებლად გადარჩებიან და დამნაშავე არის დაპატიმრებული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.