ეს იყო ბომბი, რომელიც უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ – ივერი მელაშვილის მეუღლე

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავების საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. როგოც თამარ სულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეუღლე უდანაშაულოა .

“მადლობას ვუხდი აქ მყოფ ადამიანებს. გზაში სრულიად უცხო ხალხი მაჩერებს და თანადგომას მიცხადებს. მგონი, ყველამ დაინახა, რა ხდება, მათ შორის ისეთმა ადამიანებმაც ვინც არ მიცნობდა. ვინც მიცნობდა ასევე ყველამ იცის, თუ როგირი პატიოსანი და წესიერი ადამიანია ჩემი მეუღლე. მათი სპეკტაკლი, რომ ხმები მოეპოვებინათ, მგონი, საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ. ხალხმა დაინახა, რა სიბინძურე დადგეს ამ არჩევნების წინ. არც მე და არც ჩემი მეუღლე პოლიტიკოსები არ ვართ. არ მიფიქრია, რომ ასეთი რაღაც ვინმეს შეეძლო მოეფიქრებინა, გაოცებული ვარ. რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ”, – განაცხადა თამარ სულაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და მისი კოლეგის, ნატალია ილიჩოვას დაკავება მოქმედი ხელისუფლების ინტერესში შედის.

„ეს იყო ბომბი, რომელსაც აფეთქებდნენ და უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ ერთი კვირით ადრე. გაჟღერდებოდა, რომ თურმე ” ნაციონალური მოძრაობის” დროს საქართველოს მიწების ვიღაცისთვის გადაცემის მცდელობა იყო, ისინი თუ მოვლენ მიწებს გაგიყიდიან და ჩვენ “ფრთიანი ანგელოზები” ვართ, ხმა მოგვეცით, რომ საქართველო დავიცვათო – ეს იყო მაგათი კოზირი, მაგრამ ვინაიდან ისინი შეეხნენ წესიერ და აპოლიტიკურ ადამიანებს და მოღალატედ გამოიყვანეს, ჩემმა მეუღლემ ამხელა სიბინძურე ვერ მოითმინა და თქვა, რომ მსგავსს ადგილი არ აქვს. ამით, მათ დადგმულ სპექტაკლს ხელი შეუშალა,რომელსაც წელიწადნახევარია ამზადებდნენ. ამით, ფაქტობრივად, თავისდაუნებურად ამათთან დაპირისპირება გამოვიდა”, – განაცხადა სულაძემ.

დაკავებული კარტოგრაფის მეუღლემ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა სასამართლოს იმედი. სულაძე იმედოვნებს, რომ ილიჩოვა და მელაშვილი გათავისუფლდებიან.

“მე მგონი, ყველა თავის სკამზე და თავის ადგილზე ფიქრობს და ამიტომ, ცოტა ძნელად დასაჯერებელია, რომ ვინმემ სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს,მაგრამ მაინც მაქვს სადღაც იმედი, რომ იქნებ არსებობს ადამიანური ფაქტორი, ვისთვისაც პატიოსნება, სამართლიანობა ყველაფერზე მაღლა დგას და გაათავისუფლოს უდანაშაულოდ დაკავებულები”,- განაცხადა თამარ სულაძემ.