ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო–ჯოზეფ ბორელი თბილისის აქციებზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას უცხოური გავლენის აგენტების კანონის  გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“, – წერს ბორელი „ტვიტერზე“.

ქართულმა ოცნებამ დღეს დილით განაცხადა, რომ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. გარდა ამისა,  კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ. სამართლებრივად პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონის გაწვევის სხვა გზა არ არსებობს.