ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება – ვანო მაჭავარიანი

“ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება” –  ასე აფასებს, პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი,  ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„გათვლა არის, რომ ფაქტობრივად, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. როდესაც შენ ედავები მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრებაში და ბანკისთვის ზარალის მიყენებაში, სადაც არც დაზარალებულია და არც ზარალია, რა თქმა უნდა, ეს არის ის პროცესი, რომელიც მართლა პოლიტიკურად იყო მოტივირებული ამ ადამიანების, ანაკლიის პორტის და ზოგადად საზოგადოებრივი ავტორიტეტების წინააღმდეგ. შენ მათ საზოგადოებაში აწებებ იარლიყს, რომ თურმე ისინი არიან თაღლითები. ეს ადამიანები არც ციხეს იმსახურებენ და არც თაღლითის იარლიყს. მათი ადგილი ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს განვითარების გეგმაში მონაწილეობა იქნებოდა, რომელიც დღეს საქართველოს არ აქვს. ამიტომ, მოსამართლემაც როგორც ჩანს, ძალიან კარგად გაითავისა, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არის. თაღლითობის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის შესრულება არ გამოუვათ. ამით ხელისუფლება საკენკს უყრის „ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებულები არიან ხაზარაძე – ჯაფარიძეზე რომ თურმე თაღლითები არიან და ქართული ბანკებიც თაღლითია. პოლიტიკურ პროცესებში ხაზარაძე – ჯაფარაძის ჩართვა და სასამართლოს სამწლიანი პროცესი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა მრუდ სისტემაში ვართ საქართველოში. მართლა უნდა დასრულდეს ეს პროცესი. ბიძინა ივანიშვილისთვის არამარტო პოლიტიკური, არამედ ბიზნეს-კონკურენტების ჩამოშორებაც არის წესი. ხაზარაძისთვის თაღლითობის მიწებება, რა თქმა უნდა, პრობლემას ტოვებს იმიტომ, რომ ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი, ის მეტწილად ბიზნესმენია. საქართველოს სჭირდება ინვესტიციები და ამით ჩვენ მეტ ინვესტიციას ვერ მივიზიდავთ. გამოდის რა, ივანიშვილის გარდა ყველა თაღლითია, ვინც საქართველოში საქმეს აკეთებს? ეს ხომ აბსურდია. ამ საკითხით ხაზარაძე – ჯაფარიძე უფრო მეტად გამოთავისუფლდა პოლიტიკურ საქმიანობაზე კონცენტრაციისთვის, თუმცა იზამენ თუ არა ამას, გამოჩნდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).