გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, მუსიკოს მიხეილ თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, რომ მიხაილო აქამდე უპრობლემოდ უკრავდა და მუშაობდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, პრობლემა კი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გირჩის წინასაარჩევნო კამპანიისას დაუკრა.
“დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს, რაც მიხაილოს თავს ხდება, პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს ადამიანი მუშაობდა, უკრავდა და პრობლემა არ ჰქონია. პრობლემები გაჩნდა მას შემდეგ, რაც გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე დაუკრა. რასაც ედავებიან, არის ის, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში რატომ წერიაო თანამდებობა ხმის ინჟინერი და რატომ არ წერია არტ დირექტორი.
აზრი რომ დაატანო, გასაგებია, რომ მიხაილო არავის ემალებოდა, ქვეყნის დატოვება არ უცდია და არც პრობაციის სამსახურს დამალვია. მიდიოდა და ანგარიშებს აბარებდა”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ფორმულასთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, პრობაციის ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსის საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც პრობაციის სამსახურმა მას საპატიოდ არ ჩაუთვალა. სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყო. თუ სასამართლო პრობაციის სააგენტოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მუსიკოსს 1 წლითა და 10 თვით კვლავ ციხეში შეაბრუნებენ.
პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები.