ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას – თამაზაშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მოითხოვს, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

თამაზაშვილი აცხადებს, რომ საქმის გამოძიებას სპეციალურად აჭიანურებენ.

„ჩვენი თბილისის პროკურატურაში მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით. ამ მედიკამენტების საკითხზე, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ და რაც დაწერეს, მაინც ყოველთვის ყველაფერი მაგათ საწინააღმდეგოდ იქნება. ძალიან აჭიანურებენ და ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რათა შემდეგ მოადუნონ ყურადღება. კიდევ ვფიქრობ FBI-ის ჩართულობაზე. ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.