ვანო მერაბიშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ ცემა–რუსთავი2

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი   მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ ცემა. მედიაში და სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.  “რუსთავი 2” დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

“დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას,” – განაცხადა გიგიშა შარაშიძემ და დაადასტურა, რომ ყოფილ მინისტრს ფიზიკურად შეეხო.