ვარკეთილში სპეცოპერაციისას ძმები შენგელიები დააკავეს – მათ პოლიცია 3 კვირა ეძებდა

ვარკეთილში შუამთის სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს. მათ პოლიცია 3 კვირის განმავლობაში ეძებდა.

უწყების ცნობით, ისინი 15 აპრილს თბილისის-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე განზრახ შეეჯახნენ პოლიციელის ავტომანქანას, რის შემდეგაც პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

კორპუსთან გაშლილი იყო უსაფრთხოების ბალიშიც, რადგან ძმები ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები ძალას გამოიყენებდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, ტოიოტას მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან – გ.შ-სთან და მ.ხ-სთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სპეცოპერაცია დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, კრიმანალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები ამ დრომდე მობილიზებულია.