ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევას მოსკოვში გააგრძელებს

ერთ-ერთი ცნობილი ჰომოფობი, ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ორგანიზაცია „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, სამედიცინო გამოკვლევას მოსკოვში გააგრძელებს. ამის შესახებ, მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები, სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც. მე გადავწყვიტე, რომ დავეკითხო აზრი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და საერთოდ კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ბატონ ლეო ბოკერიას. დავუკავშირდი მას მოსკოვში, მან დამდო პატივი და სასწრაფოდ გადმომირეკა, ყურადღებით მომისმინა. გამოთქვა რაღაც თავისი შეხედულებები ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მირჩია, რომ სასწრაფოდ ჩავიდე მასთან, რათა მისი დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ გაგრძელდეს კვლევაცა და შესაძლო მკურნალობაც. მე მადლიერებით ვღებულობ ბატონი ლეოს ამ რეკომენდაციას და ამიტომ, იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს, 1-5 ივლისს თბილისში არ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ძლიან გთხოვთ, ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ“, – თქვა ლევან ვასაძემ.