ვასრულებთ დალოდების რეჟიმს, ენმ-მ მაჟორიტარების შეთანხმებაზე უარი თქვა – კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი დატოვა, ამიტომ მათი ვინაობა მალე უნდა გაიგოს მოსახლეობამ.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე თქვა უარი საერთო კანდიდატებზე.

„ჩვენ დღეს ვასრულებთ დალოდების რეჟიმს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება ყველასთვის ცნობილია. მიგვაჩნია, რომ იყო სრულიად საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული შეთავაზება, რომ გაზრდილიყო შანსი და ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატებით პირველ ტურში გვქონოდა მეტი წარმატება. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე ამაზე უარი თქვა. ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაზე აღარ ვაპირებთ ორშაბათიდან საუბარს”,– აცხადებს კაპანაძე.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო ორშაბათიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

“მიგვაჩნია, რომ თუ მანამდე არ მოხდა შეთანხმების მიღწევა, ეს იქნება ჩავლილი ამბავი და ვაპირებთ უკვე, რომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს კამპანიაზე და იმაზე, რა პრობლემებიც გააჩნია მოსახლეობას. ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და რა უნდა გაკეთდეს შემდეგ უკვე კოალიციური მთავრობის პირობებში. ნებისმიერ შემთხვევაში ორშაბათიდან საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს. შეუძლებელია არჩევნებამდე სამი თვით ადრე მოსახლეობამ არ იცოდეს ვის ირჩევს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ თბილისის გარეთ, 22 ოლქში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენოს. ევროპული საქართველო მოუწოდებდა, გადაწყვეტილება შეეცვალა და საერთო კანდიდატებზე შეთანხმებულიყო.

ოპოზიცია თბილისის 8 ოლქიდან 6–ში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა. ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმდებიან დარჩენილ 2 რაიონში – საბურთალოზე და დიდუბე–ჩუღურეთზეც, თუ ყველა თავის კანდიდატს დააყენებს.