ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო და ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით – თენგიზ ცერცვაძე

“ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით” – მის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„საქართველოში აცრილი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით. ამას უნდა მივაღწიოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებით, იქნება ეს კამპანია, ცნობადი სახეების მაგალითის მოყვანა, თუ წარმატებული ქვეყნების მაგალითის მოყვანა, მათ შორის, ისრაელის. ფართომასშტაბიანი და საყოველთაო სხვა არის და სავალდებულო სხვა, რამდენადაც სავალდებულოობა შეიცავს იძულებით კომპონენტს. საყოველთაოს როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აცრილი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ წელში 60-65%-ზე მეტს ვერ ავცრით, ამიტომ ეს პერსპექტივაში უნდა მოხდეს, მაგრამ, 60%-ის აცრასაც საყოველთაო ჰქვია. აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს, ერთბაშად ყველას აცრა ვერ მოხდება, ეს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამიტომ საყოველთაოს მე რომ ვამბობ, ჩავთვალოთ, რომ ეს გრძელვადიანი მიზანია და არა დღევანდელი. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საყოველთაობის მიღწევა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.