ვაქცინაციის გარეშე მე-3 ტალღა გარდაუვალია, “კოვაქს” პლატფორმა არასაკმარისია! – კლინიკების ასოციაცია

საქართველოს კლინიკების ასოციაცია საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას ვაქცინებთან დაკავშირებით მიმართავს.

ასოციაციის განცხადებით, დაგვიანებულია ვაქცინის მწარმოებლებთან და სახელმწიფოებთან მოლაპარაკება, “კოვაქს” პლატფორმაზე დაყრდნობა კი არასაკმარისია, რის გამოც შესაძლოა პანდემიის მე–3 ტალღა გარდაუვალი გახდეს.

“პანდემიის გამო ქვეყანაში გამკაცრებული რეგულაციებით შესაძლებელია მდგომარეობის პირობითი სტაბილიზაცია, მაგრამ პანდემიიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის დროული დაწყებით… ვაქცინის გარეშე თითოეული დღე – განაჩენია, რომელიც ყოველდღიურად მოიცავს ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის საქმეში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაგვიანებულია.

პრობლემის არსია მსოფლიოში ვაქცინის რაოდენობის დეფიციტი, ვაქცინაციის გარეშე უახლოეს მომავალში პანდემიის მესამე ტალღის გარდაუვალობა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და “კოვაქს” პლატფორმის მიერ უზრუნველყოფილი ვაქცინის რაოდენობრივი სიმცირე და მისი მოწოდების გაურკვეველი დროით შეფერხება, ვაქცინის მწარმოებლებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან მოლაპარაკების დაწყების დაგვიანება.

ასევე, ვაქცინაციის ეფექტურობაზე და მის დადებით შედეგებზე, მოსახლეობაში ინფორმაციის სიმწირე, კარანტინისა და გამკაცრებული რეგულაციების პერიოდის უეფექტოდ გამოყენება, ჯანდაცვის მენეჯმენტში დაგროვილი ხარვეზები და შექმნილი საკადრო კოლაფსი“,- აცხადებს ასოციაცია.

ისინი ყველა სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, ხელი შეუწყონ ვაქცინის შემოტანის პროცესს. ასევე, მათი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი

„პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციის დროული დაწყებით, ვაქცინის მოსაპოვებლად ყველა უნდა გავერთიანდეთ! დღეს არც ადამიანთა რაიმე ნიშნით დიფერენციაციის და არც ნიშნის მოგებით საუბრის დრო არ არის! მხოლოდ “კოვაქს” პლატფორმაზე დაყრდნობა არასაკმარისია, ვაქცინის მისაღებად უნდა ვიპოვოთ დამატებითი წყაროები.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებს, დიპლომატებს, ხელოვნებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, გთხოვთ, ვაქცინის მოპოვების მიზნით შეძლებისდაგვარად აწარმოეთ ქმედითი მოლაპარაკებები საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მაღალი სტანდარტის ვაქცინის შემოტანის პროცესს და ამასთან დაკავშირებით აღმოფხვრას ყველა სახის დაბრკოლებები და ბიუროკრატიული მექანიზმები.

ვაქცინაციის ეფექტურობის და მისი დადებითი შედეგების შესახებ მოსახლეობაში უნდა გავრცელდეს საინფორმაციო ბუკლეტები და შეიქმნას სპეციალური სატელევიზიო რუბრიკები.

ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უნდა დაიწყოს ყველა სახის ბიზნესსექტორის ფუნქციონირება, რეგულაციების მკაცრი დაცვით, გაზაფხულის მეორე ნახევარში პანდემიის მოსალოდნელი მესამე ტალღის გამო, უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის სრულყოფა და რესურსების მობილიზაცია.

პროფილაქტიკისა და პრევენციის მიზნით სასურველია ტესტირების რაოდენობის გაზრდა, სწრაფი ტესტების მოსახლეობისათვის უფასოდ დარიგების გზით. ასევე, ჯანდაცვის სისტემაში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს საკადრო ცვლილებები და იგი უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული აკადემიური და მაღალკვალიფიციური კადრით;

ძვირფასო თანამემამულენო! რაც უფრო მალე დავიწყებთ ვაქცინაციას, მით უფრო მალე გადავარჩენთ ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს, მით უფრო მალე შევუნარჩუნებთ ასიათასობით ადამიანს ჯანმრთელობას, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესსექტორს, მით უფრო მოკლე დროში დავუბრუნებთ ქვეყანას ნორმალური ცხოვრების რითმს“,-ვკითხულობთ მიმართვაში.