ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა გრძელვადიანი ვერ იქნება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გერმანია მესამე, ამერიკა კი კორონავირუსის მე–4 ტალღის მოლოდინშია.

მისი განცხადებით, ეს “ჩვენც არ აგვცდება”, ამიტომ ვაქცინაციის გარეშე მშვიდად ვერ ვიქნებით.

“მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინა აუცილებელია, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, იგივე შეზღუდვების მოხსნა ჩვენთან ვერ იქნება გრძელვადიანი და სტაბილური. ხომ ყველას უნდა, რომ გრძელვადიანი იყოს და ქვეყნის ეკონომიკის გახსნა – მათ შორის ზამთრის კურორტები, სასწავლო დაწესებულები, რესტორნების შიდა სივრცეები, მალე ზაფხულის საკურორტი სეზონი დადგება, ავიამიმოსვლის 6 მიმართულება დაემატა, ტურისტული სეზონი იქნება, ვაქცინირებული ადამიანის პასპორტები შემოვა ხმარებაში და ევროპიდან შემოვლენ ვაქცინის პასპორტის მქონე ადამიანები და ჩვენ ვერ დავახვედრებთ ანალოგიურს, უნდა დავახვედროთ”,– ამბობს ცერცვაძე რუსთავი 2–ის ეთერში.