ვაშაძე გახარიაზე: პასუხი უნდა გასცეს 20 ივნისის საკითხს, რომ ვიფიქროთ თანამშრომლობაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას გასაჯაროებულ ინფორმაციას.

გვარამიას თქმით, მიიღო კვლევაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც სხვა თემებთან ერთად ეკითხებოდნენ, რა აზრის იქნებიან ისინი, თუ გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი” თავის საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას დაუკავშირებს.

ვაშაძის განმარტებით, კვლევებს მისი პარტია ატარებს და იკვლევს განწყობებს სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით.

“რომ არ დაგიმალოთ, გაღიზიანებული ვარ მთავარი არხის მიერ გაკეთებული სიუჟეტით, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. დამახინჯებულია სიმახინჯე. ახლა სოციოლოგია განმისაზღვროს კიდევ სხვამ, მე როგორ უნდა ჩავატარო სოციოლოგია რა. მე მაინტერესებს ჩემს ამომრჩეველზე რა ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერი პოლიტიკური ტურბულენცია, რაც აქ ხდება.

სოციოლოგიას ვაკეთებ დასავლელ და ევროპელ ჯგუფთან ერთად და აქ საკმაოდ სერიოზული ჯგუფი გვყავს, რომ რეალურად გავიგოთ, ხალხს რა უნდა. ვიკვლევთ აბსოლუტურად ყველაფერს, ყველა პერსონასთან, ყველა სცენართან დამოკიდებულებებს, სად ვკარგავთ ხმებს, სად განწყობები იცვლება. 47 ფოკუს ჯგუფი გვაქვს ჩატარებული სწორედ მათი ხელმძღვანელობით ბოლო 3 კვირის მანძილზე. რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, მთავარი პრობლემაა, რომ პოლიტიკა აცდენილია ხალხს. სად არის ხალხი და სად არის პოლიტიკა”,– ამბობს გიორგი ვაშაძე ფორმულათან საუბრისას.

მისივე განცხადებით, გახარიასთან კონტაქტი არ ჰქონია არც პრემიერობის დროს და არც მას შემდეგ.

“ჯერ მან პასუხი უნდა გასცეს 20 ივნისის საკითხს, რომ სხვა პოლიტიკოსებმა ვიფიქროთ მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე. ამაზე დიდი კითხვა არის, გულწრფელად გეუბნებით. მეც ამ პროცესის მონაწილე ვიყავი და ვნახე იქ რა ხდებოდა”,– თქვა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას ყველაზე მეტად მესამე პოლიტიკური ძალის წარმოშობა აწუხებს.