ვაშაძე: ენმ-მ შემომითვალა, მოდი, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით-მეთქი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ თანამშრომლობა შეთავაზა, თუმცა მან უარი უთხრა.

„2012 წლიდან მოყოლებული ეს ხალხი გიჟივით სულ მებრძვის ხოლმე ყველა პროცესში და რატომ მებრძვის, ვერ გავიგე. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ ამომრჩეველზე, რომლებსაც ეს ხალხი ატყუებს. როგორც „ქართული ოცნებაა“ გადამგდები და ახლა ამნისტიის კანონშიც დამატებითი ჩანაწერი გააჩინა, ზუსტად ისე არის „ნაციონალური მოძრაობა“.

არ მისაუბრია საჯაროდ ამაზე და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო. ინდივიდუალურ შეხვედრაზე შემომითვალეს კიდეც საპარლამენტო არჩევნების მერე, მოდი ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებე, აღარ მინდა თქვენი მოტყუებები და გადაგდებები მეთქი“,-განაცხადა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, ყველაზე დიდ შეცდომად იმას მიიჩნევს, რომ ეგონა, ნაციონალურ მოძრაობას “გაასწორებდა”.

„ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი, მაგრამ ეს პარტია არ სწორდება. შეიძლება ახალგაზრდა ვიყავი. ყველა ადამიანი პროცესს საკუთარი გადასახედიდან უყურებს. ყველაფერი დაარღვიეს. 2020 წელს ისანში გამარჯვების შანსი მქონდა, შემოვარდნენ და კანდიდატი დამიყენეს. რატომ დამიყენეს იცით? – ოღონდ მე, გიორგი ვაშაძეს კარგი შედეგი არ დამედო“,- აღნიშნა ვაშაძემ.