ველოდებით ენმ-ისგან, მისი თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას – ბოკერია ვაშაძის განცხადებაზე

“რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი განცხადებაა, დამაბნეველი”, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებების საკითხზე.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” “ნაციონალური მოძრაობისგან”, მისი თავმჯდომარის მკაფიო განმარტებას ელოდება.

“რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი განცხადებაა, დამაბნეველი. ველოდებით თვითონ ამ პარტიისგან, “ნაციონალური მოძრაობისგან”, მისი თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხმობს, რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილებაა მათ პოზიციაში თუ არა. “ევროპული საქართველოს” პოზიცია არის უცვლელი და არ შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა, ამაში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. იმიტომ, რომ ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა”, – განაცხადა ბოკერიამ.