ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო და ამის საპირისპირო მტკიცებულება ჯერჯერობით არავის სმენია – მდინარაძე

“ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო და ამის საპირისპირო მტკიცებულება ჯერჯერობით არავის სმენია”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„არცერთი მტკიცებულება არ გახმაურებულა ჯერჯერობით და მე მგონია, რომ არც იქნება. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან როგორც შსს-მ გაახმოვანა, ეს ვერტმფრენები წინასწარ მოწმდებოდა, ისინი მოწმდებოდნენ და აბსოლუტურად გამართული იყო. პროფესიონალები მართავდნენ და ნარატივი იმის შესახებ, „რატომ ვერ ახერხებს გამართული ვერტმფრენის შეძენას თუ გამართვას“, უკვე ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გამართული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციას ატარებდა და საუბედუროდ, მოხდა უბედური შემთხვევა.როდესაც „პუმაზე“ მეკითხებით, არცერთი სამაშველო დანიშნულების არ იყო. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე, კომფორტულად ვინ გადაეყვანა, მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ „პუმას“. საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს და ვითარდება ეს ქვეყანა. მომავალში ქვეყნისათვის მეტი ქონება იქნება შეძენილი, მაგრამ რადგან იყო ეს ვერტმფრენი, რადგან სამაშველო აღჭურვილობით იყო, ამაზე სპეკულაციები უნდა დამთავრდეს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი უნდა დაანებოს სიკვდილის თანამზრახველობას. რამდენჯერაც უბედური შემთხვევა მოხდა, იმდენზე თავისი პიარის აგებას ცდილობენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარს აკეთებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.