ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე – საქართველოს პრეზიდენტი

“ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე “- საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილით ამაყობს, თუმცა არ აიღებს პასუხისმგებლობას მუხლებზე, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ და არც მის ანულირებაზე.

“ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველი და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისკენ. ამიტომ მიმაჩნია და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშრის ახლოსაამეზობლოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის, ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ.

მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდეც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყი მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. თუმცა, დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცეები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი.

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომელსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და როომელსაც ვუჭერ მე მხარს.

გუშინ მოვუსმინე მე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთნახმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი ფუქნცია შეასრულა, პოლიტიკური კრიზისი დააასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი. დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება”, — განაცხადა მან.