ვეცადეთ, ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე ყოფილიყო – ხელაშვილი რეზოლუციაზე

“ვეცადეთ, ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე ყოფილიყო”- ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რითიც “ქართული ოცნების” მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა სადაც, რუსეთის აგრესიაზე საუბრისას სიტყვა “რუსეთი” ნახსენები არ არის.

”რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერა არანაირი პრობლემა არ იყო. ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს. როგორც იცით, უკრაინის გარშემო უკიდურესად არის დაძაბული ვითარება და ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე, მისი კაბინეტის უფროსი მუდმივად მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას, ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას. ეს იყო მთავარი, რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, რომ ტექსტი ყოფილიყო პრინციპული, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პოლიტიკურ ვითარებას და ერთ-ერთი მიზეზი ამისა შეიძლება ყოფილიყო თავად უკრაინას მისგომოდა, ისე, როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს რაიმე ზიანი. შესაბამისად, დავაინიცირეთ ის ტექსტი, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან ზუსტად პასუხობს  ახლანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონში.