ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია–მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი. ასე უპასუხა მან ტვ პირველის ეთერში წამყვანის კითხვას:  “ბოლო დროს, იყო როგორც ევროპარლამენტარების მხრიდან, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებები, მაშინ, როცა ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობაზეა საუბარი, რომ ის უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას და გავლენებს, იქ თქვენი სახელი და გვარი, იყო ნახსენები”.

სააკაშვილი კითხვაზე ასე პასუხობს:

“ყველა ადამიანი, ვინც ამას ამბობს, არის ამორალური და იდიოტი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი არ რეკავს მოსამართლეებთან და არ წერს განაჩენებს. სააკაშვილი არ ურეკავს პროკურორებს, არ ატერორებს და არ აგზავნის პოლიციას. მე არ მიშვებენ ჩემ ქვეყანაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

განცხადებით, საერთოდ არ აინტერესებს არავის აზრი.

“აბა, შემომიშვან ჩემს ქვეყანაში, შექმნან თანაბარი პირობები, სად იქნება ივანიშვილი, ზუსტად რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგას გაჩვენებთ. შექმენით თანაბარი პირობები, მიუდექით იმავე სტანდარტებით, როგორიც არის დასავლეთში. დასავლეთში როგორც იქნებოდა, ისე იყოს. ჭკუის დარიგება ვიღაც გადამდგარი პირებისგან… სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობრები და უკაცრავად, გვარები რომ დაასახელეს ეგენი ვინ იცის?- მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის.

საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი, მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივები. ყოველთვის ასე ვიყავი, მთელი ცხოვრება, იმიტომ მივაღწიეთ იმ წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ“”, – განაცხადა სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა 9 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ “ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა – სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა”.