“ვინც იცნობდით სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ” – ნატო ჩხეიძე

“ვინც იცნობდით სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ”  – ამის შესახებ, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

”ვნახე ის ადამიანი, რომლის ოპოზიციაში მეც ვიყავი მისი ხელისუფლების მმართველობისას და რომლის მმართველობის რევოლუციურმა წესმა თუ ბიუროკრატიულმა უწესობამ პირადად დამაზარალა და ჯერ კიდევ მომყვება ის ზიანი, ჯერ ისევ მომყვება. მივედი. ვნახე.ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ.თეთრი საღებავით გულმოდგინედ შეღებილი ორი ფანჯრიდან ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა, დილეგია. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს. დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ.

პალატა-დილეგის თვალიერებას იწყებ – სად არის ის, ვინც ფეხზე მდგარი 6 თვის წინ ნახე ტელევიზიით, 12 მაისს რომ გადმოიყვანეს ვივამედში. სხვა არავინ არის. მარტო ის არის, რასაც ხედავ.

“მოდი, აქ დაჯექი, ახლოს” – გეუბნება და საუბრით ცნობ, სწრაფი და დამახასიათებელი მეტყველებით; ეს ერთადერთია, რაც შერჩენია, და ესეც ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ღრმა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას შორის შუალედში შერჩენია.

მიხვალ ახლოს, დაუჯდები გვერდით და საუბრობ ამ მთისას და იმ მთისას, ცოტას წარსულზე, უფრო ცოტას აწმყოზე და კიდევ უფრო ცოტას მომავალზე. აგყვება და საუბრობს უფრო წარსულზე, მერე ზელენსკიზე, მერე აღარაფერზე.

ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი მომავალი. ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას.

ახლა წავალ – ვამბობ მე;

წადი და რაც აქ ნახე, თქვი – მეუბნება მაინც ღიმილით;

ვამბობ, რაც ვნახე – ვამბობ და გეუბნებით, და ვისაც ყურნი ასხედან, ისმინეთ. ჯერ დააყენეთ ფეხზე კოლეგა ოცნებელებო, მიხეილ სააკაშვილი და მერე შეაბით ხუნდები, თუ ასე გწადიათ.

ჯერ დააყენეთ ფეხზე. ჯერ აცოცხლეთ. ჯერ მიეცით საშუალება, უწამლოს იმან, ვინც იცის, ვისაც შეუძლია მისი გაჯანსაღება, სადაც შეუძლიათ მისი სიცოცხლის შენარჩუნება მიეცით უფლება სასამართლოს, სწორად გადაწყვიტოს! მიეცით უფლება იუსტიციის მინისტრს, სწრაფად იმოქმედოს! ნუ ზღუდავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება!.. ლათინური შეგონება, იჩქარე ნელა, ახლა არ გამოდგება. ახლა უნდა იჩქაროთ სწრაფად! ახლა უნდა იჩქაროთ უსწრაფესად! არ უნდა დაიღუპოს დილეგში საქართველოს მესამე პრეზიდენტი!…

უნდა გადარჩეს! უნდა გადაარჩინოთ!.. თქვენ, კოლეგა ოცნებელებო, თქვენ უნდა გადაარჩინოთ!” – აცხადებს ნატო ჩხეიძე.