ვინც 2 ქვითარი მიიღო, გადაუხდელობის შემთხვევაში ქსელიდან არ გაითიშება – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, მომხმარებლები ვინც ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ წყლისა და დენის ორი ქვითარი მიიღო, იმ შემთხვევაში თუ გადასახადს ვერ გადაიხდიან, ქსელიდან არ გაითიშებიან.

სემეკში ირწმუნებიან, რომ წყლისა და დენის გადასახადი არ გაზრდილა.

“ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გადასახადები საქართველოში არ გაზრდილა, იგივე ტარიფები მოქმედებს, ყველაფერი არის იგივე, ერთადერთი შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემა. ახალი სისტემა რომ შესულიყო ძალაში, ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი, თუმცა არ შეცვლილა არც იქ გადასახადის ოდენობა, ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, ის გაიყო ორად.

მიუხედავად ამისა, გარკვეული შეშფოთებები გამოითქვა, ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კომპანია თელმიკოსთან და GWP-სთან ერთად, რომ ყველა ის მომხმარებელი. ვინც მიიღო ორი ქვითარი, წლის ბოლოს და წლის დასაწყისში, თუ ვერ გადაიხდიან ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან, ანუ მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, თვის ბოლოს გადაიხადონ”,- ამბობს სემეკის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი.

სემეკის განმარტებით, ახალი სისტემის მიხედვით, “თელმიკო” დენის გადასახადის აღწერას დაიწყებს ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში და მოსახლეობა ქვითრებს მიიღებს მომდევნო თვის პირველ რიცხვებში.