ვინ არის იმუნური „მაიმუნის ყვავილის“ მიმართ – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც.

“დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები). გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში – ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში – დაფიქსირდა პირველი შემთხვევები.

მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.

გერმანიამ შეუკვეთა 40 000 დოზა „ყვავილის ვაქცინა“, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.

რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად, ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება. ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც.

გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო. 2019 წელს უშუალოდ „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა“, – წერს ინფეციონისტი.